სერგი კაპანაძე: მოლაპარაკებები უნდა იყოს ახალი არჩევნების ირგვლივ, თუ ეს არ მოხდება, მივიღებთ კომუნისტურ პარლამენტს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მთავარი თემა ახალი არჩევნები უნდა იყოს.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ის მიიღებს ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს.
„ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროკავშირელი პარტნიორების მონაწილეობით შედგება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში. აქ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული, რაციონალური წინადადება გაეკეთებინა, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავდა და თუ ასეთი წინადადება იქნებოდა გაკეთებული, ბუნებრივია, ჩვენ ამ ფორმატში მას განვიხილავთ. თუმცა, ჩვენი მოთხოვნა და ის მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს ყველასთვის ცნობილია, რომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ახალი არჩევნების ირგვლივ. თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთვევაში ყველამ კარგად იცის რაც მოხდება, არაფერი სიურპრიზი არ იქნება არავისთვის, მივიღებთ ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს, რომელიც ზუსტად შეეფერება იმ მეორე ტურს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა და რომელში გამარჯვებაც შემდეგ სამარცხვინოდ იზეიმა“, – განაცხადა კაპანაძემ.