სასამართლო ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებული ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ადვოკატები მისთვის 1000-ლარიანი გირაო შეფარდებას ითხოვენ.

ადვოკატ გიორგი ჭოჭუას თქმით, დაკავებულს სურს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„პატიმრობის სანაცვლოდ მოვითხოვ 1000 ლარის ოდენობით გირაოს, ესეც იქედან გამომდინარე, რომ მას სურს, რეალურად, ჭეშმარიტება დადგინდეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამაზე ამიტომ ვართ თანახმა. არანაირი მძევლობა ეს არ ყოფილა, არავისთვის არ შეუზღუდავს გადაადგილება, არავისთვის არ მიუმართავს უხეშად. ის იქ მყოფებს ეუბნებოდა, დაეტოვებინათ სხდომა, მაგრამ არ გადიოდნენ. ზოგიერთი იყო თანამშრომელი, მოლარე, მენეჯერი“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები