„მინდა მაყურებელი გავიყვანო იმ სივრცეში, სადაც გაზაფხულის სურნელი იგრძნობა“ – მხატვარ-დიზაინერი ფერწერული პოეზიით

თავდაპირველად მედიცინა იტაცებდა და პირველი ოცნებაც მას უკავშირდებოდა. იმხანად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის კათედრაზეც მუშაობდა, მაგრამ 9 აპრილის ტრაგედიამ რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრებისეული კრედო. მაშინ მიხვდა, რომ ხელოვნებაში უნდა ეპოვა საკუთარი თავი. მშობლებს გადაწყვეტილება  რომ გაუმხილა,  სამედიცინო ინსტიტუტში გამოცდა  უკვე ჩაბარებული ჰქონდა.
და მაინც დაიწყო აქტიური სიარული ხატვაზე, ბოლოს კი ხელოვნებამ მთლიანად მოიცვა მისი არსება. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. სამხატვრო აკადემიის ისტორიაში მეუღლე დათო  ჯაფარიძესთან ერთად  პირველი სტუდენტი აღმოჩნდა, რომელმაც დაიცვა დიპლომი თექის მიმართულებით.
მრავალი მიმართულებით მუშაობდა და ჰქონდა გამოფენები: ტექსტილის დიზაინი, ტანსაცმლის დიზაინი, ფერწერა – გრაფიკა (პასტელი)… ამჟამად აინტერესებს გობელენი, აბრეშუმის ქაღალდი და შიბორი…
ამბობს, რომ მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის გახსნა, თუნდაც ალეგორიული ფორმით გადმოცემული…
წელს ლოზანა – პეკინის მე-11 საერთაშორისო ბიენალეზე  ნამუშევრით „გოგონები“ მონაწილეობს. – მხატვარ-დიზაინერ  ნატო ფირცხალავას პერსონა.

– ქალბატონო ნატო, როგორც ვიცი, თავდაპირველად  მედიცინა   გაინტერესებდათ…
– ალბათ ყველა ადამიანს დაბადებიდან ეძლევა განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც განვითარებასა და გაუმჯობესებას საჭიროებს. ეს ბავშვობაში გაუცნობიერებლად ხდება. არ იცი, რა შეგიძლია და რამდენად გამოგივა, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ეს არის ის, რაც გინდა. ჩემი პროფესიული არჩევანი ექვსი წლის ასაკიდან უკვე ჩამოყალიბებული მქონდა, როცა პირველკლასელი გოგონა დედასთან ერთად სკოლის ეზოში სრულიად მოულოდნელად ჟურნალისტის პირისპირ აღმოვჩნდი, რომელმაც მკითხა, თუ რა პროფესიის არჩევა მსურდა სამომავლოდ, დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ ექიმობა მინდოდა: „მე, მინდა გავხდე ექიმი, ვუმკურნალო ადამიანებს და მალე მოვარჩინო“. ჩემი  ბავშვური ინტერვიუ  იმ დროის გაზეთ ,,კომუნისტში“ დაიბეჭდა . მაშინ თითქოს უკვე კარგად მქონდა გააზრებული, რა მინდოდა. თან ამ ყველაფერს ჩემი პატარა გონებით ვაფასებდი და ვცდილობდი, მეტი ინფორმაცია მიმეღო ამ სფეროში.
ბაბუა და ბებია (დედის მხრიდან) ექიმები იყვნენ, მათ პროფესიულ წარმატებას ვერ ვაცნობიერებდი, რადგან პატარა ვიყავი, მაგრამ ბაბუას სურვილი, რომ მისი შვილიშვილებიდან ერთ-ერთს მაინც აერჩია ეს პროფესია, მე მსურდა, რომ ამესრულებინა.
ინტერესი ამ სფეროსადმი კიდევ უფრო გამიძლიერდა,  როცა  დავამთავრე (წითელ დიპლომზე)  თბილისის მე-3 საბაზო სამედიცინო სასწავლებელი და აქტიურად ჩავერთე  ჩემი, როგორც მომავალი მედიკოსის, საქმიანობაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის კათედრაზე ვიმუშავე არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად.კათედრის გამგე, ბატონი  ოთარ შალამბერიძე განსაკუთრებულად აფასებდა ჩემს ინტერესს ამ სფეროსადმი და ხედავდა რა სიტუაციის სიმძიმეს, ჩემს
არჩევანს ფრთხილად ეკიდებოდა.1989 წლის 9 პრილს სამსახურში მისულს ინსტიტუტის ეზოში ტანკები დამხვდა.
იმ ყოველივემ, რაც განვიცადე – 9 აპრილის გამო დაჭრილმა და დაჩეხილმა ადამიანებმა, გარდაცვლილმა თანატოლებმა, სრულმა ქაოსმა და ბაკქანალიამ ქვეყანაში, – ჩემში ისეთი დიდი ემოცია გამოიწვია, მივხვდი, ამ პროფესიაში გამიჭირდებოდა  ყოფნა. თუმცა ის განათლება, რაც მივიღე, გამომადგა და ვამაყობ, რომ ჩემი პედაგოგები იყვნენ საუკეთესო კლინიკების პროფესორები, რომლებმაც მრავალი თაობის კარგი სპეციალისტი აღზარდეს.
–  გამოდის, რომ თქვენს ოცნებებსა და მიზნებს 9 აპრილის ტრაგედიამ დაღი დააჩნია…

სტუდენტობა

– უსაზღვრო ოცნებები მქონდა, მაგრამ მაშინ, როცა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ქვეყანა, ბავშვობის ოცნება თითქოს გაქრა. ბატონ ოთართან ჩემი საუბარი პროფესიულ წინსვლაზე ყოველთვის ასე მთავრდებოდა: ,,ნატო, შენ ხელოვნებაში უფრო  იპოვი თავს, თუმცა შენი სახით კარგი ექიმი დაგვაკლდება“.
მაშინ  მივხვდი, რომ ის ფონი, რაც  ჩემ ირგვლივ იყო და ჩემი შინაგანი სამყარო, ხელოვნებისკენ მიმაქანებდა, სადაც ჩემი თავი უნდა მეპოვა.
როდის მიხვდით, რომ ხელოვნება იყო ის სფერო, სადაც უფრო კარგად გრძნობდით თავს და გსურდათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა?
– ჩემი გადაწყვეტილება მშობლებს რომ გავუმხილე, სამედიცინო  ინსტიტუტში გამოცდა  ჩაბარებული მქონდა. მშობლების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ჩემს არჩევანს პატივი სცეს, შემდეგ მამამ სერგო თბილელის და ემზარ ჯაფარიძის სახელოსნოში მიმიყვანა. დავიწყე აქტიური მეცადინეობა (ბავშვობაში ვხატავდი უბრალოდ ჩემთვის, ამ ნახატების შესახებ არავინ არაფერი იცოდა).
სახელოსნოში გატარებული ერთი წელიწადი მართლაც საოცარი იყო.  აღმოვაჩინე, რომ ჩემში ხელოვნების და, კერძოდ, მხატვრობის ნიჭი იყო, უბრალოდ ამას სჭირდებოდა მიმართულება.  მაშინ ჩემი მეგობრები გაოცებას ვერ მალავდნენ, ისინი, ვინც სამედიცინო ინსტიტუტში დავტოვე, ხუმრობით აღნიშნავდნენ, რომ „თეთრი შურით შურდათ“, რომ მე პროფესია შევიცვალე. მოვხვდი სამხატვრო აკადემიაში, სადაც სრულიად შევიგრძენი ხელოვნების დიდებულება, თავისუფლება და სილამაზე, ურომლისოდაც არ არსებობს ქვეყნად არაფერი, ხელოვნება ხომ კომენტარია ყველაფერზე.
სამხატვრო აკადემიის წლებიდან რას და ვის გაიხსენებთ?

„ნატურმორტი ყვავილებით“

– სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე. აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდი, როცა სრულიად განსხვავებულ სამყაროსა და სივრცეში დავიწყე სწავლა და ჩემი ინტერესი, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაიზარდა. როგორც ახალ ფეხადგმული ბავშვი, ისე მივიკვლევდი გზას და ამ გზის გაკვლევაში ჩემი პედაგოგები მეხმარებოდნენ. თუმცა ინტერესი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მიმართ სულ მქონდა  და შემდეგ სწორედ იქ მოვხვდი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
ეს იყო გამოწვეული იმით, რომ ჩემი თანაკურსელი და შემდეგ უკვე ჩემი მეუღლე დათო ჯაფარიძე (ჩვენ გვერდით დიდი ხანია აღარაა),  რომელიც ხელოვანთა დიდი ოჯახიდან იყო,  დათოს მამა, ჩემი მამამთილი,  რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარებაში და ამ მიმართულების კათედრის ჩამოყალიბების საქმეში,  შემდგომ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას წლების მანძილზე სამხატვრო აკადემიაში.
მან, როგორც დიდმა პროფესიონალმა, კიდევ უფრო გააღვივა ჩემში ინტერესი ხელოვნების ამ მიმართულების მიმართ. მესამე კურსიდან გადავედი ტექსტილის ფაკულტეტზე, სადაც არაჩვეულებრივი პედაგოგები დამხვდნენ: გივი ყანდარელი, მედეა ჩიხლაძე, ეთერ ანდრონიკაშვილი (დავით კაკაბაძის მეუღლე), თამაზ ნუცუბიძე, ლექსო მაზანაშვილი, თინა კლდიაშვილი  ჯემალ კაკულია და სხვ.
ვამაყობ, რომ ჩემი პროფესიული დაოსტატება მათი მოღვაწეობის პერიოდში მოხდა, ადამიანებისა, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ტექსტილის დიზაინის განვითარების საქმეში.
სამხატვრო აკადემიაში გატარებული წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია.  სამოქალაქო ომის, უსინათლობის, გაჭირვების და მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად (ეს არის 90-იანი წლები), მაინც ინტერესით და შეუპოვრად მივიწევდი წინ. ჩემი ინტერესი არა მარტო მხატვრობის, ზოგადად, ხელოვნების თეორიის მიმართაც დიდია, ამიტომ სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული ინტერესით ვეკიდებოდი ამ სფეროს და მუდმივად ვესწრებოდი ისეთი ადამიანების ლექციებს, როგორებიც იყვნენ: იანო ალიბეგაშვილი, ნინო ზაალიშვილი, გოგი ხოშტარია, ანა კლდიაშვილი, ჩემი პედაგოგი არაჩვეულებრივი პიროვნება , ხელოვნებათმცოდნე  ნანა კიკნაძე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა და დამანახა საინტერესო კუთხით. ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები.
რატომ დაგაინტერესათ მაინცდამაინც გობელენმა, რომელიც ასე რთულია შესაქნელად?

„ოცნების ფერი“, ბატიკა

ინსპირაცია ზოგადად საინტერესო რამაა, სამედიცინო ენაზე ჰაერის ნაკადის შესვლას ნიშნავს ფილტვებში, და ასე თუ განვიხილავთ, ჩემს შემთხვევაში სრულიად მოულოდნელად მოხდა.
აღმოვაჩინე, რომ იმ გობელენებს, რომლებიც ვნახე საქართველოს დამსახურებული მხატვრის, აკადემიკოსის,  სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ თენგიზ  ჯაფარიძის სახელოსნოში, – თექაში შესრულებულ ფერწერას, პრეცედენტი არ ჰყავს მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში, და  უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს კიდეც  ევროპისა და ამერიკის საერთაშორისო გამოფენებსა თუ ბიენალეებზე.
სწორედ ეს გახდა ჩემი ინსპირაციის მიზეზი.  საინტერესოა, რომ სამხატვრო აკადემიის ისტორიაში დათო  ჯაფარიძე და მე აღმოვჩნდით პირველი სტუდენტები, რომლებმაც დავიცავით დიპლომი თექის მიმართულებით.
– ამ ბოლო დროს აბრეშუმის ქაღალდზე და შიბორზე მუშაობთ…
– ჩემი სიყვარული და ინტერესი საკუთარი საქმისადმი იმდენად დიდია, რომ, განვლილი რთული ცხოვრების მიუხედავად, ვერასოდეს ვუღალატე.
ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა წლების წინ სამხატვრო აკადემიის ტექსტილის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორმა, ქალბატონმა მანანა ძიძიკაშვილმა მასტერკლასი ჩამიტარა ისეთი საინტერესო კუთხით, როგორიცაა აბრეშუმის ქაღალდი და კრეატიული შიბორი.
უკვე ექვსი წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა ბევრი მიმართულებით ვიმუშავე და მქონდა გამოფენები: ტექსტილის დიზაინი, ტანსაცმლის დიზაინი, ფერწერა – გრაფიკა (პასტელი)…
–  რა თემები ჩნდება თქვენს გობელენებზე ყველაზე ხშირად?

„გოგონები“

– ჩემს შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის გახსნა. შეიძლება ნახატში არ იყოს რეალური ადამიანის სახე, მაგრამ ალეგორიული ფორმით გადმოვცე ყოველივე. ჩემი ნამუშევრების მნიშვნელოვანი მხარე კოლორიტია, ამიტომ ფერების და ფორმების საშუალებით ვცდილობ, გრძნობები გამოვხატო, რადგან მთავარია ხელოვნების ნაწარმოები და არა მისი ეტიკეტი. ხელოვნების მიზანი ხომ პიროვნების თვითგამოხატვაა.
სულ ვცდილობ, არ დავკარგო ცოცხალი კავშირი ნამუშევარსა და დამთვალიერებელს შორის. ნამუშევრებით, რომლებსაც ფერების საშუალებით აბრეშუმის ნაზი ბუსუსებით, მატყლით, ძაფებით და ქსოვილებით ვქმნი, მინდა გამოვხატო ინტერაქცია სამყაროსთან.
ჩემი მიზანია, ტრადიციული ჩარჩო – სამზეოსკენ ფართოდ გაღებული სარკმლიდან მაყურებელი გავიყვანო იმ სივრცეში, სადაც გაზაფხულის სურნელი იგრძნობა, და რომელიც ფერწერულ პოეზიას ქმნის.

 

ამჟამად საერთაშორისო სარბიელზე გსურთ საკუთარი ნამუშევრების გამომზეურება
– საერთაშორისო სარბიელზე შემოქმედის გასვლა აუცილებელია და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს მოტივაცია თუ არ აქვს ხელოვანს, მაშინ ყველაფერი უმნიშვნელოდ რჩება,  უკვალოდ იკარგება ხელოვანიც და ნიჭიც.
უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავ ქალბატონი მანანა ძიძიკაშვილისადმი, რადგან მისი დამსახურებაა, რომ წელს ლოზანა – პეკინის მე-11 საერთაშორისო ბიენალეზე  ნამუშევრით „გოგონები“ ვმონაწილეობ. მადლობა მას ყველაფრისთვის.
თქვენი ნამუშევრებიდან რომელი ისეთი, რომელსაც ვერასდროს შეელევით?

„მუსიკა“ – ავტოპორტრეტი

– რთულია, ხელოვანი შეელიოს თავის ნამუშევრებს. ყველა საკუთარი შვილებივით მიყვარს. ყველა ჩემი ცხოვრების ნაწილია, თუმცა ბევრი ნამუშევარი საქართველოსა და ევროპაში კერძო კოლექციებშია დაცული, ასევე – ხელოვნების მოყვარულთა ოჯახებში.
ალბათ ერთ კომპოზიციას ,,მუსიკას“  ვერასოდეს შეველევი, რადგან მგონია, რომ ჩემი ავტოპორტრეტია. ეს ნამუშევარი აკადემიაში დავხატე გობელენისთვის (საკურსო ნამუშევრისთვის), შემდეგ გობელენიც მოვქსოვე ქალბატონ მანანა ძიძიკაშვილის დახმარებით. ბატონ გივი ყანდარელს მოეწონა და შემაქო. ეს შექება  დღემდე სასიამოვნო მოგონებად მრჩება.
–  სამომავლო  სურვილები
 – შემოქმედისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესი და ამ პროცესში აღმოჩენილი საკუთარი შესაძლებლობები.
არ ვჩერდები, უფრო სწორად ვერ ვჩერდები, მიყვარს ექსპერიმენტები, ამ პროცესს სიახლეებიც თან სდევს. ამის არ მეშინია, რადგან შემოქმედი თავისუფალი უნდა იყოს შემოქმედებით პროცესში, ამიტომ სიახლეებით, რომლებიც ჩნდება მუდმივად ჩვენი პროგრესისა და ინოვაციის  საუკუნეში, სიამოვნებით ვინტერესდები.

 

თამარ  შაიშმელაშვილი

 

„შეშლილი ქალაქი“, ბატიკა
,,აბსტრაქტული მოტივი“, შერეული ტექნიკა (ტუში, პასტელი)
„ფუფალა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები