“გრაპარაკი”: მოსკოვი ყარაბაღში კიდევ 14-15 ათასი სამხედროს გასაგზავნად ჩრდილოვან მოლაპარაკებას მართავს, რომ ტერიტორია საკუთარ პოლიგონად აქციოს
“მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერი მოღალატე არ არის და ამაზე საუბარი უსაფუძვლოა, ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს”, – წერს სომხური გაზეთი “გრაპარაკი”.
ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, “პოლიტიკურ წრეებში დარწმუნებული არიან, რომ ფაშინიანის დატოვებით, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს შექმნილი ვითარებიდან მოგებული დარჩეს, მათ შორის საკუთარი იმპერიისთვის. რეგიონში ასეთი მასშტაბით თურქეთის ფაქტორის გაძლიერება, რუსეთის ინტერესებიდან ნამდვილად არ გამოდიოდა, მაგრამ თუ ასეთი ვითარება შეიქმნა, რუსეთი საკუთარი ინტერესების მაქსიმალურ გატარებას შეეცდება”.
“გრაპარაკი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ, გარდა იმ სამმხრივი შეთანხმებისა, რომლის მიხედვით არწახში 1960 რუსი მშვიდობისმყოფელი განთავსდა, ჩრდილოვანი მოლაპარაკებებიც იმართება, რომლის ფარგლებში რუსეთს უნდა ყარაბაღში კიდევ 14-15 ათასი სამხედრო გაგზავნოს,რომ ტერიტორია საკუთარ პოლიგონად აქციოს.
“შესაბამისად, სულ მცირე 1-ელ დეკემბრამდე, ტერიტორიების გადაცემის ოფიციალურ თარიღამდე რუსეთისთვის სომხეთის პრემიერის შეცვლა არამომგებიანია, ამიტომ, ნიკოლ ფაშინიანზე მოსკოვის მხრიდან დარტყმები არ განხორციელდება. შეტევა დიპლომატიური იქნება, როგორც, მაგალითად, შუშის საკითხთან დაკავშირებით ფაშინიანის სიცრუეში მხილებაა, როგორც ეს პუტინმა გუშინ გააკეთა”, – წერს სომხური გამოცემა.