გიგი უგულავა – ეუთო-ს დასკვნაზე: არ გავცნობივარ – ოპოზიცია შეუვალია, ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს
“არ წამიკითხავს, არ გავცნობივარ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ეუთო-ს დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
უგულავა მოუწოდებს მოქალაქეებს, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.
„პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია, პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს, არის შეუვალი და არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება. დანარჩენი, ახლა დოკუმენტი, რომელსაც არ გავცნობივარ, ვინც უნდა მოგვიწოდოს ეს, თუ სიყალბე დარჩება და ჩვენ ვხედავთ სიყალბის გაფორმებას, მეორე ტურები არის ასევე სიყალბე და ჩვენს მოქალაქეებს მინდა, მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ის ზუსტად იმავენაირი სიყალბეა, რა სიყალბეც ჩაატარა 31 ოქტომბერს. დანარჩენ დეტალებზე ნებისმიერი დოკუმენტის როცა გავეცნობი, მაშინ გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანლის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.