დავით ზალკალიანი: ვიმედოვნებ, რომ მაიკ პომპეოს ისტორიული ვიზიტი სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს
“აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი “Twitter”-ის პირად გვერდზე წერს.
ზალკალიანი იმედოვნებს, რომ პომპეოს ვიზიტი საქართველო-აშშ-ის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს.
“მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს უკვე კარგად დამკვიდრებულ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს”, – წერს მინისტრი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.