დავით ბაქრაძე: დარწმუნებულები ვართ, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა

“ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი”, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლას ელოდებიან.

ბაქრაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, სწორედ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ამის არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და დადასტურება გვაქვს, რომელიც გამოიხატება, მათ შორის, საქართველოს მხარდამჭერი აქტით, გამოიხატება აპროპრიაციების აქტით და, რასაკვირველია, ველოდებით, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

დარწმუნებულები ვართ, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები