გიგა ბოკერია: პომპეო კარგად არის ინფორმირებული იმ ვითარების შესახებ, რაც საქართველოშია
“ეს არის ოპოზიციის შესაძლებლობა, დავანახოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ არ ვიღებთ სამარცხვინო ოლიგარქის თამაშის წესებს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პომპეო კარგად არის ინფორმირებული იმ ვითარების შესახებ, რაც საქართველოშია.
„სახელმწიფო მდივანი, პომპეო საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული ვითარების შესახებ, მას საელჩოც აქვს აქ და ბევრი სხვა წყაროც ინფორმაციის. ჩვენ, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ შეერთებული შტატების იმ სტრუქტურებთან, ვინც ამ რეგიონთან არის დაკავშირებული. ეს არის ოპოზიციის შესაძლებლობა, მსოფლიო მედიისთვის, არამარტო სახელმწიფო მდივნისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ამ პოზიციის კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირების, რომ ქართული საზოგადოება არასოდეს არ მიიღებს იმ თამაშის წესს, რომ ვინც მთავრობაშია, ესეთი სამარცხვინო ოლიგარქია ან თუნდაც, მასზე უკეთესი მთავრობა წყვეტდეს, სადამდე იქნება მთავრობაში და არა ქართველთა უმრავლესობა“, – განაცხადა ბოკერიამ.