ზაალ უდუმაშვილი: იქნება მდუმარე აქცია, ზოგჯერ დუმილი ხმამაღალ სიტყვაზე უფრო მეტად ჭრის
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტმა შესაძლოა, რეგიონში გეოპოლიტიკურად სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს.
უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო სექტორი მაიკ პომპეოს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ინფორმაციას სრულად მიაწვდის.
“არ არის გამორიცხული, რომ მთლიანად რეგიონში გეოპოლიტიკურად სერიოზული ცვლილებები მოხდეს მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ. თუმცა, არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო და დაველოდოთ მის ოფიციალურ განცხადებებს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, რომელიც მაიკ პომპეოს უნდა შეხვდეს, დარწმუნებული ვარ, რომ სრულად მიაწვდის ინფორმაციას როგორც ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ასევე – 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. იქნება მდუმარე აქცია, ზოგჯერ დუმილი ხმამაღალ სიტყვაზე უფრო მეტად ჭრის, თუმცა, იქნება კონკრეტული გზავნილები, ქვეყნის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მიტაცების მცდელობასა და 31 ოქტომბრის არჩევნებს ეხება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოდის.