ნიკა მელია შტაბის გადაწვაში ნოდარ და ლევან შუკაკიძეებს ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გლდანში მისი ოფისის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

მელიამ ის პირები დაასახელა, ვისაც, მისი ინფორმაციით, მომხდარში ბრალი მიუძღვის.

“ეს არის ის მიკრორაიონი, სადაც დამაჯერებლად მოვიგეთ. შედეგად, რევანშისტულმა მოძალადე ხელისუფლებამ დღეს შტაბი გადაწვა. ჩემი უტყუარი ინფორმაციით დავასახელებ კონკრეტულ პირებს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა – ესენია “კანონიერი ქურდი” – ნოდარ შუკაკიძე, რომელიც საბერძნეთის საპატიმროში იმყოფება და მას აქვს ყოველდღიური სატელეფონო წვდომა გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან და მისი ოჯახის წევრის, ძმის ლევან შუკაკიძის მეშვეობით აკონტროლებს და ძალადობს საარჩევნო პროცესში ყველაფერზე და ყველაზე”, – აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და გლდანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი დაწვეს. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დამწვარია ოფისის ნაწილი.

როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები