მებაჟე-ოფიცრების მიერ საფოსტო გზავნილით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტის” საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის – ნ.გ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა – 14 000 აშშ დოლარი (45053,4 ლარი) და 5902 ევრო (34285 ლარი) აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით დაეკისრა ფულადი ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
“უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.