სასამართლომ მუსიკოსი მიხეილ თოდუა შინაპატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა პრობაციის ბიუროს მოთხოვნა მუსიკოს მიხეილ თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით და მუსიკოსი კვლავ შინაპატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ამასთან, სასამართლომ მუსიკოსს შინაპატიმრობის პერიოდი ორი საათით გაუზარდა და მას 19:00-დან დილის 08:00 საათამდე მოუწევს შინაპატიმრობაში ყოფნა.
მიხეილ თოდუას 2013 წელს ცხრა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის. ის თითქმის ექვსი წელი იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2019 წლის ოქტომბერში კი საპატიმრო სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით – ორი წლისა და 11 თვის ვადით.
შინაპატიმრობის წესების შესაბამისად, თოდუას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება 21:00 საათიდან 08:00 საათის ჩათვლით. 13, 14 და 17 ოქტომბერს მუსიკოსმა ღონისძიებებზე დაუკრა, რაც პრობაციის სააგენტომ არასაპატიოდ ჩათვალა. უწყებამ მიზეზად პრემიერის განკარგულება მოიყვანა, რომლის თანახმადაც, 22 საათის შემდეგ გასართობი ღონისძიებების მოწყობა აიკრძალა.