დავით ზალკალიანი: სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში აღარ არის დათქმა 15-პროცენტიან შეზღუდვაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით 15-პროცენტიანი დათქმა არ არის.
მისივე თქმით, აღნიშნული მიუთითებს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი არსებობს.
„სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში არ არის ის დათქმა, რაც იყო დაკავშირებული იყო 15-პროცენტიან შეზღუდვასთან, რომელიც არსებობდა წარმომადგენლობით პალატის მიერ 2020 წლის 24 ივლისს მიღებულ ვერსიაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ არ უნდა გამოიყენონ ოპონენტებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მთავარ სტრატეგიული პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ქვეყნის ურთიერთობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის 24 ივლისს მიღებულ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აქვე მითითებული იყო, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.