დავით ზალკალიანი: ოპონენტების განცხადებები, თითქოს, მაიკ პომპეო „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად ჩამოდის, არასერიოზულია
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი – მაიკ პომპეო საქართველოში „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად ჩამოდის, ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია.
მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში ოპოზიცია თარგმანსა და ლოგიკაშია დაკარგული.
„ღიმილისმომგვრელია და არასერიოზულია, არც კი ვაპირებ, ამაზე ოპონენტებს სერიოზული პასუხი გავცე, რადგან ეს არის არცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების. მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება და ამას კვლავ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და მანიპულაციებისთვის. ვფიქრობ, ისინი ბოლო პერიოდში საერთოდ დაკარგული არიან თარგმანში, თანმიმდევრულობაში, განცხადებებში, ლოგიკაში. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გამოიყენო შიდა პოლიტიკური ინტერესებისთვის. აქ უმთავრესი გზავნილი არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოს სტაბილურობის, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, ჩვენი როლი რეგიონში, როგორც ერთ-ერთი ლიდერის წარმოჩენა, ეს არის ვიზიტის მთავარი გზავნილი და არა ის, რაზეც ოპონენტები საუბრობენ. როგორც ჩანს, ოპონენტებმა ვერ გაიგეს, ან არ უნდათ გაგება იმ განცხადებების, რომელიც გაჟღერდა უკვე, ძალიან კარგად იციან მათ, აშშ-ს პოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაცხადებული იმ მრავალრიცხოვან განცხადებებში, რომელიც გაკეთდა უკვე. აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც გავრცელდა არჩევნების შემდეგ, ეს ხომ არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია, რა განსხვავებულ გზავნილს ელოდებიან ისინი სახელმწიფოს მდივნისგან? ელჩი აჟღერებს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, კარგად წაიკითხონ ეს განცხადება. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სტაბილურობას, ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ეს არის მთავარი გზავნილი და უმჯობესია, ისინი დროულად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა ზალკალიანმა.