აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-23 ნოემბერს გაემგზავრება საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.