ალიევი: შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი შეეხება თურქეთ-რუსეთის სამშვიდობო მისიას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს იმას, რომ შეხების წერტილში განხორციელდება თურქეთისა და რუსეთის სამშვიდობო მისია.

ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრის დროს განაცხადა.

“ის, რომ დღეს სამი ქვეყნის ხელმძღვანლები აწერენ ხელს ამ დოკუმენტს, მეტყველებს რუსეთის ფედერაციის განსაკუთრებულ როლზე კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაციის როლი რეგიონის სამომავლო საქმიანობაში, მათ შორის, კონფლიქტის შედეგების ნორმალიზების ჭრილში, ასევე, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დალაგების მხრივ, წონადი იქნება.

მსურს, ასევე, მადლიერება გამოვთქვა თურქეთის პრეზიდენტის, ბატონ რეჯეპ თაიფ ერდოღანის მიმართ კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაში აქტიური მონაწილეობისთვის. დღევანდელი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს რუსეთისა და თურქეთის ერთობლივ სამშვიდობო მისიას. ამით ჩვენ ვქმნით რეგიონში ურთიერთქმედების სრულიად ახალ ფორმატს არა მხოლოდ კონფლიქტის დარეგულირების ჩარჩოში, არამედ – მისი მომავალი განვითარებისთვის, რადგან ერთ-ერთი პუნქტი არის ასევე ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა, რაც რეგიონის ყველა ქვეყანას წაადგება. ამიტომ, დღეს სიხარულით, სიამაყით ვაწერ ხელს ამ დოკუმენტს და მსურს, მივულოცო აზერბაიჯანელ ხალხს ეს ისტორიული მოვლენა”, – თქვა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები