„ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც პარტიის ოფისშ გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გიგი მიქანაძემ განაცხადა ოპოზიცია მხოლოდ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს.
“ჩვენმა გუნდმა ძალიან ღიად, საჯაროდ და აშკარად გამოთქვა პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ ნებისმიერი კონსტრუქციული დიალოგის მზაობა გვაქვს. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ წარმომადგენლებთან საელჩოების მეშვეობით საქართველოში.
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული განხილვისთვის, თუმცა, ის, რაც ხდება და რისი მომსწრენიც ვართ, ეს არის იმ დადგმული სცენარის გარძელდება, რომელიც კონსტრუქციული ელემენტის არსებობას გამორიცხავს.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, რომ ძირითადი თავისუფლების პრინციპები დაცული იყო, რომ მოუწოდებენ ოპოზიციას, რომელიც საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში და ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, სადაც თითოეული მოქალაქის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული და მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში ამ საქმიანობის გაგრძელება, ამ კუთხით ოპოზიცია დგამს მხოლოდ რადიკალურ ნაბიჯებს, რომელთა მიმართაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კონსტრუქციული ვიყოთ“, – განაცხადა მიქანაძემ.