ირაკლი სესიაშვილი: თავიანთი პოლიტიკური ამბიციებისა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველა ძირითად პრინციპს უგულებელყოფენ, რაზეც ქვეყანა დგას
“უტიფარმა პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ და საკუთარ მხარდამჭერებს, ძალადობისა და სადღაც შეჭრისკენ ასე მარტივად რომ მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღონ, კერძოდ, იმ ყველა ზიანზე, რაც მიაყენეს პოლიციელებს, ასევე, მოქალაქეებსა და ქვეყანას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ყველამ დაინახა, რომ გუშინ ადგილი ჰქონდა ცესკო-ს შენობაში შეჭრის მცდელობას.
„იყო მცდელობა, რომ შენობაში ძალადობით შეჭრილიყვნენ, რა დროსაც პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებდა. მიკვირს, როცა უტიფარი პოლიტიკოსები განცხადებას აკეთებენ, რომ რა მოხდა, შესულიყვნენო. ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ მათ გააზრებული არ აქვთ ამ ქვეყნის კანონის უზენაესობა და როცა კანონი ირღვევა, სახელმწიფო შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. თავიანთი პოლიტიკური ამბიციებისა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველა ძირითად პრინციპს უგულებელყოფენ, რაზეც ქვეყანა დგას, ეს არის კანონი, უსაფრთხოება და სტაბილურობა. მათ სწორედ ეს აწუხებთ. რაც ვნახეთ, ეს იყო ადეკვატური და პროპორციული მოქმედება პოლიციის მხრიდან. თუ ვინმე დაშავდა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – განაცხადა სესიაშვილმა.