საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია – საზოგადოებას: ნუ მისცემთ რადიკალურად განწყობილ ადამიანებს თქვენით მანიპულირების საშუალებას
„გუშინ უპასუხისმგებლო ოპოზიციის მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი ვიხილეთ, მათ რევოლუცია სურთ, ქართველ ხალხს კი – ქვეყნის მშვიდი განვითარება, შესაბამისად, ოპოზიციის გეგმებს განხორციელება არ უწერია”, – ამ სიტყვებით ეხმაურებიან საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში 8 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას.
პოლიტოლოგთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აქციის მონაწილეებმა ორი მოთხოვნა დაარღვიეს. მათივე აზრით, პროტესტის გამოხატვას აქვს საზღვრები, რომლებსაც კანონი არეგულირებს და კანონზე მაღლა დადგომის უფლება არავის აქვს:
„რაც შეეხება გუშინდელ აქციას, აქციის მონაწილეებმა მინიმუმ კანონის ორი მოთხოვნა დაარღვიეს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 222-ე მუხლი, ასევე, საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ. მუხლი 11. ხოლო პოლიციის მოქმედება იყო სრულად ლეგიტიმური და ის პასუხობდა კანონის მოთხოვნებს,
საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ. 31 მუხლი, მესამე პუნქტი: პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი.
პროტესტის გამოხატვა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ყველას შეუძლია, მაგრამ პროტესტის გამოხატვას აქვს საზღვრები, რომელიც კანონით რეგულირდება. არავის აქვს უფლება, კანონზე მაღლა დადგეს და პროტესტი ძალადობრივ ფორმაში გადაიყვანოს, პოლიციისთვის ქვების სროლა, ჩაფხუტში სიგარეტის ნამწვის ჩადება, მინის დამსხვრევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფარის წართმევა და ა.შ. არის ძალადობრივი პროტესტი, რომელსაც გამართლება არ აქვს.
კონფლიქტის და ორი განსხვავებული პოზიციის შეჯერებისათვის, კაცობრიობამ დიპლომატია გამოიგონა, ჩვენ კი ისევ ქვის სროლით ვიქცევთ თავს. მესმის ცუდად ჟღერს, მაგრამ დროა, გამოვიდეთ ქვის ხანიდან, ქვის ნაცვლად ცოდნით შეიარაღებული დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველა სადავო საკითხი მოლაპარაკებით გადავწყვიტოთ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ადამიანების საზარბაზნე ხორცად გამოყენებას. მივმართვ საზოგადოებას, ნუ მისცემთ რადიკალურად განწყობილ ადამიანებს თქვენით მანიპულირების საშუალებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.