გიორგი ვაშაძე: ვერ გავიგე რატომ იყენებენ ძალას, რამეს ვარღვევთ?
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ცესკო-ს შენობასთან შეკრებილ სამართალდამცველებს მოუწოდებს, რომ მათი მხრიდან უკანონობებს ნუ ექნება ადგილი.
მისი თქმით, შენობასთან შეკრებილებს არაძალადობრივი პროტესტი აქვთ და მისთვის გაუგებარია რატომ გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ წყლის ჭავლი.
“არაძალადობრივი პროტესტი გვაქვს, ისე როგორც ვაკეთებდით, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ მათ რომ მათი მხრიდან უკანონობებს ნუ ექნება ადგილი. ვერ გავიგე რატომ იყენებენ ძალას, რამეს ვარღვევთ? გამოხატვის თავისუფლება არის და შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება. ჩვენი მხრიდან ვინმე რამეს არღვევს?! და როგორ შეიძლება, რომ დაგვშალონ, ვერ გავიგე. ეს იყო უკანონო ქმედება და პასუხს ვითხოვთ, რა უნდოდათ საერთოდ? რატომ დაესხნენ ხალხს თავს. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. ჩვენ ვართ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის ფარგლებში”-, აღნიშნა ვაშაძემ.
ცესკო-ს შენობასთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეკრებილებმა ჯებირის გარღვევა სცადეს, რასაც სამართალდამცველების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა.
ქვეყნის შსს-ში ბრიფინგიც გაიმართა და აღინიშნა, რომ “აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება”.