პროკურატურამ გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პატიმრებს: პ.ნ-ს, ნ.ო.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-8 დაწესებულებაში პატიმრებმა: ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გ.რ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.