მაია ცქიტიშვილი: არავის აუკრძალავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მოდით, ჩვენი აზრი გამოვხატოთ ისე, რომ არ ვავნოთ სხვას, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება
“ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, შეზღუდვების დაწესება-არდაწესება, შეზღუდვების ხარისხი და გავრცელების მასშტაბები დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, როგორ დავიცავთ დადგენილ წესებს, რამდენად სწორად ვატარებთ პირბადეს და რამდენად ზედმიწევნით შევასრულებთ ყველა შესაბამის რეგულაციას”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ვიცეპრემიერმა ხაზი გაუსვა რეგულაციების დაცვის პროცესში არა მხოლოდ მოქალაქეებისა და დამსაქმებლების, არამედ – პოლიტიკოსების პასუხისმგებლობასაც.
„ჩვენ არასოდეს შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება და საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პროცესი და კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება როგორც არჩევნების შედეგების შეჯამება, ასევე გველოდება მეორე ტური და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, სუბიექტმა, აქტივისტმა, რიგითმა მხარდამჭერმა, მაშინ, როდესაც გამოხატავენ პროტესტს ან თავიანთ აზრს, ეს გააკეთონ რეგულაციების დაცვით. საჭიროა მხოლოდ პირბადის გაკეთება, დისტანციის დაცვა, არავის აუკრძალავს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მოდით, ჩვენი აზრი გამოვხატოთ ისე, რომ არ ვავნოთ სხვას, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.