“გიორგი რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები”
გიორგი რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სპეციალური პენიტეციური სამსახური ავრცელებს.
“N8 პენიტენციური დაწესებულების 5 პატიმარი, რომლებიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გიორგი რურუას წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეობდნენ, 3 ნოემბერს მკაცრი რეჟიმის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნენ გადაყვანილნი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილეობის გამო, მათ რეჟიმი გაუმკაცრდათ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი რურუას წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად). გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა როგორც გიორგი რურუა, ასევე ყველა შესაბამისი პატიმარი და ინსპექტორი”,- ნათქვამია განცხადებაში.