ნიკა მელია: პასპორტსაც მიბრუნებენ და შეზღუდვებსაც მიხსნიან, ეს სამაჯური ადრევე უნდა მომეწყვიტა
“ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეზღუდვები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ დააწესა, იყო არაეფექტური”, – ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც აქამდე ჰქონდა დაწესებული, ტყუილი იყო.
„პრაქტიკულად, აღიარეს, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, პასპორტიც ტყულად მქონდა ჩამორთმეული, აქციებზე სიტყვით გამოსვლის უფლება უსაფუძვლოდ მქონდა შეზღუდული და სახლში დაყენებული დანადგარი, რომელიც შესვლა-გამოსვლას აკონტროლებს, ესეც ტყუილად მქონდა.
როგორც ჩანს ეს ყველაფერი გააუქმეს, პასპორტსაც მიბრუნებენ. დანადგარი კი სახლიდან მიაქვთ. ეს სამაჯური ადრევე უნდა მომეწყვიტა. ამით ხელისუფლებამ აღიარა რომ შეზღუდვები, რომელიც ჩემს წინააღმდეგ დააწესა იყო არაეფექტური“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დღეს 17:00 დაიწყო, თავდაპირველად, პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვდა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და სასამართლოს 100.000-ლარიანი გირაოს დაკისრების მოთხოვნით მიმართა.
ასევე, შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.