“ყველას ძალიან კარგად გვესმოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმდენი პოლიტიკური ღირსება, რომ მან მარცხი აღიაროს, ეს გუნდი ამას ვერასდროს შეძლებს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა პარტიები, რომლებიც “ნაცმოძრაობას” თამაშში აჰყვნენ, გარკვეულწილად ალბათ მათ ტყვეობაში იმყოფებიან.
„ჩვენ ოპოზიციის ქმედებებზე ვსაუბრობდით არჩევნების დღესაც და არჩევნებამდეც. ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა მათი სცენარი გარკვეული დაძაბულობის შექმნის, შემდეგ საუბარი იმაზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს სცენარი ვითარდება. ამაში არაფერი ახალი არ არის. საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც განსკუთრებული სიახლე არ უნდა იყოს, რადგან როგორი პოლიტიკური ბუნების მატარებელია ის რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მგონი, ყველამ კარგად იცის. ყველას ძალიან კარგად გვესმოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმდენი პოლიტიკური ღირსება, რომ მან მარცხი აღიაროს, ეს გუნდი ამას ვერასდროს შეძლებს. სამწუხაროდ, ამ თამაშში არიან აყოლილი სხვა პარტიები, რომლებსაც შედარებით ნაკლები მხარდაჭერა აქვთ. გარკვეულწილად ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაშიც კი იმყოფებიან. ვნახოთ, პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მეორე ტურამდე კიდევ სამი კვირაა. დარწმუნებული ვარ, იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ლეგიტიმაცია პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარულ ნაწილში არჩევნების პირველი ტურის, და იმ ფონზე, როდესაც სრულიად უსუსურ, უსაფუძვლო შეფასებებს ვისმენთ მათი მხრიდან, ვითომდა გაყალბების შესახებ, ყველა შემთხვევაში, პროცესების ასეთი განვითარება მათ პოლიტიკურ ჩიხამდე მიიყვანს, ამას მალე მიხვდებიან და დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.