სულხან სალაძე: ცესკო-ს ზოგადი პოზიცია არის ის, რომ დიახ, მთელ რიგ უბნებზე უნდა მოხდეს ბიულეტენების გადათვლა
“ჩვენ ვითხოვთ, რომ იმ კონკრეტულ უბნებში, სადაც არის მეტობა და დისბალანსი ოქმებში, ის ბიულეტენები იყოს გადათვლილი”, – ამის შესახებ საია- ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ ცესკო-დან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მან საია-ს პოზიციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან.
„საია-ს პოზიციიდან გეტყვით, ჩვენ ვითხოვთ, რომ იმ კონკრეტულ უბნებში, სადაც არის მეტობა და დისბალანსი ოქმებში, ის ბიულეტენები იყოს გადათვლილი. სავარაუდოდ, ცესკო იზიარებს ამ პოზიციას. ჩვენ თვალს მივადევნებთ პროცესებს.
არის ძალინ ბევრი საკითხი, მათ შორის, საჩივრებთან დაკავშირებით, რომელიც უფრო სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. ჯამურად, 160 -ზე მეტი საჩივარი გვაქვს დაწერილი და აქედან ნახევარზე მეტი მოდის კონკრეტულად უბნების გადათვლაზე ან ბათილად ცნობაზე.
მთავარი მაინც არის ის, თუ რას ვნახავთ პრაქტიკაში. ჩვენ ყველა საქმეს ბოლომდე მივყვებით, სადაც ვთვლით, რომ უნდა მოხდეს ბიულეტენების გადათვალა. მიუხედავად იმისა, ოლქი დააკმაყოფილებს თუ არა ამ მოთხოვნას, ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით და მივიტანთ სასამართლომდე“, – განაცხადა სულხან სალაძემ.