თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტში არშესვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება
“ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები”, – ამის შესახებ მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, ყოფილი ვიცესპიკერი – თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, პარლამენტში არშესვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება.
“ორი მილიონი ამომრჩეველი ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო, ან გადაითვალოს ის უბნები ან გაბათილდეს იმ კონკრეტულ უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება, თავიდანაც ჩატარდეს. ჯერჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს.
ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც – საერთაშორისო პარტნიორები.
პარლამენტში არშესვლა კი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. არ შეიძლება, ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირებისა და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული, ვიდრე – ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ოდესმე.
ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად, უბრალოდ, იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტომბრის დღე, მძიმე შეცდომა იქნება“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.