ალექსანდრე ქანთარია: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ღირსეული არჩევანი გააკეთა, მეორე ტურებშიც, ვფიქრობ, იგივე განმეორდება
„მჯერა, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და არც მომავალში ექნება”, – ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების” წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია სოციალურ ქსელში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
მისი თქმით, ოპოზიციის თვითლიკვიდაცია საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შვებას მოუტანს:
„საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად პანდემიისა და მცდელობისა, რომ საარჩევნო გარემო დაზიანებულიყო, შედგა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ღირსეული არჩევანი გააკეთა. მეორე ტურებშიც, ვფიქრობ, იგივე განმეორდება. თუმცა, ხდება ის, რაც ადვილი გამოსაცნობი იყო და ხშირად მითქვამს – ნაც ბანდას არჩევნები არ აინტერესებდა. მათ კარგად იცოდნენ თავიანთი შედეგი, ამიტომ ამ ადამიანების მიზნებში არჩევნების შემდეგ მღელვარების შექმნის ილუზიის შექმნა იყო. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს მცდელობაც ხელოვნური და უსუსური გამოდგა. რჩებათ ერთადერთი გზა – არ შევიდნენ პარლამენტში და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პარტიებსაც უარი ათქმევინონ, რაც თავისთავად, პოლიტიკურ ხარაკირს თვითლიკვიდაციას და საკუთარი ამომრჩევლის აბუჩად აგდებას ნიშნავს. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, მხოლოდ შვებას მოუტანს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ღირსეულ და გონივრულ არჩევანს. მჯერა, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და არც მომავალში ექნება”, – წერს ქანთარია.