თეა წულუკიანი: ვხედავთ, რომ პოლიცია მუშაობს და არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ დაუშვებს, რომ დესტრუქციის მცდელობა იყოს შედეგის მომტანი

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, “დესტრუქციული ოპოზიციური ძალები” წინასწარ შემუშავებული სცენარით პროვოკაციებს აწყობენ, თუმცა სახელმწიფო უწყებები ამ სცენარის განხორციელებას არ დაუშვებენ.

წულუკიანმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

“ოპოზიციურმა ძალებმა უკვე განახორციელეს მცდელობები იმისა, რომ ჩართონ ის სცენარი, რომელიც აქვთ გამზადებული, მაგრამ ამ სცენარს აღსრულება არ უწერია. კერძოდ, ვხედავთ, ფეიკტელევიზიებით, ვითომ ტელევიზიებით და ჟურნალიზმით, ფეიკპარტიები და ფეიკკვლევები – ეს ის ხალხია, ვინც ის დიდი უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს 2008 წლის აგვისტოს ომის სახით, იზეიმეს. ეს ის ხალხია ვინც საკუთრ მარცხს გამარჯვებად ასაღებს და დღეს საღამოსაც აქვთ ასეთი უბადრუკი მცდელობა, რომ თავიანთივე ამომრჩეველში ჩართონ ის ე.წ. მუხტი და ჩართონ სცენარი, რომლის ჩართვის პროცესში სირთულეებს აწყდებიან. ასევე, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი მომხრეების ძალიან დიდი ოდენობა მივიდა საარჩევნო უბნებთან და მინდა შევუერთდე იმ მადლობების სერიას, რომელიც სხვა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს და მადლობა ვუთხრა “ქართული ოცნების” ყველა მხარდამჭერს იმ არჩევანისთვის, რაც მან გააკეთა.

მინდა მივმართო საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საელჩოებს და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ყველამ ვნახეთ რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია რომ ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს. მაშინ, როდესაც კანდიდატები, რომელთაგან ზოგიერთი არის თავისი არჩევნების დამკვირვებელი, დაიარებიან საარჩევნო უბნებზე იარაღით და ამით არაპირდაპირ ცდილობენ დააშინონ ამომრჩეველი. ეს არის მიუღებელი და ყველამ ერთად უნდა დავგმოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს მუშაობას, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია მუშაობს და არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ დაუშვებს, რომ დესტრუქციის მცდელობა იყოს შედეგის მომტანი”,- განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები