საია: ჩვენი დამკვირვებლების მიერ ათზე მეტი დარღვევაა დაფიქსირებული

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სულხან სალაძის თქმით, დღის 10:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საია-ს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ათზე მეტი დარღვევა, მათ შორის:

„გარდაბნის #19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი); ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს #23, თელავის #54 და მთაწმინდის #3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს – უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია;

შუახევში #41 უბანზე წილისყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების, აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი).მარნეულის #85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.

გარდა ამისა, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევისა და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუში #17, ზუგდიდში #24 და ბათუმის #35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას“, – აცხადებენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები