პრეზიდენტი: საქართველოში უსაფრთხო და თავისუფალი საარჩევნო გარემოა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი – ელონა ჯებრეა ხოჯა, დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი – პია კაუმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა ესწრებოდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე საარჩევნო პროცესის შესახებ ისაუბრეს და ის მიმართულებები და საკითხები განიხილეს, რომელთა იმპლიმენტაციამაც საქართველოში დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია განაპირობა.

რობერტო მონტელამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლიდან საქართველოში დემოკრატიის პოზიტიურ განვითარებასა და განმტკიცებას. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო სისტემა განვითარების თვალსაზრით წარმატებული მაგალითია.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასა და არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მზაობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში თავისუფალ საარჩევნო გარემოს.

“აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა არჩევნებთან შედარებით მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემოა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები