ADB-მ საქართველოს 200 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა

პანდემიით მიყენებული ზიანის შესარბილებლად, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 200 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა.
აზიის განვითარების ბანკის განმარტებით, მაშინ, როცა საქართველოს სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა უმეტესად ეფექტურად უმკლავდება კოვიდ-19-ის გავრცელების შეკავებას, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკაზე ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესამჩნევი შენელებით. პანდემიამ ასევე გააჩინა დიდი ფისკალური გარღვევა, რადგან მთავრობის ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა გაზარდა სახელმწიფო ხარჯვა, ხოლო საგადასახადო შემოსავლები შემცირდა.
ADB-ის პროგრამა მიმართულია სახელმწიფო ფისკალური რისკების მართვის გაძლიერებისა და მთავრობის ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრების გაღრმავებისკენ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მთავრობის ვალის შემცირების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს რეფინანსირების საჭიროებისა და სავალუტო რისკების შემცირებას, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელისშემშლელი ფაქტორია. მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეკონომიკის აღდგენის წინაპირობაა.
პროგრამა ასევე დაეხმარება კრიზისის დროს გაზრდილი სოციალური დაცვის პროგრამების ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფას, ხელს შეუწყობს ხანდაზმული მოქალაქეებისთვის მთავრობის ეროვნული საპენსიო სქემის რეფორმასა და სხვა სოციალური დაცვის სისტემებს ეკონომიკური ზრდის ინკლუზიური აღდგენისთვის.
პროგრამა ADB-ის მიერ მიმდინარე წლის მაისში დამტკიცებული $100-მილიონიანი სესხის დამატებაა, რომელიც გამიზნული იყო მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების დასახმარებლად, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადების, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი ფულადი დახმარებისა და კოვიდ-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები