ბადრი ესებუას ძმა ბიკენტი ესებუა პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა

ბადრი ესებუას ძმა ბიკენტი ესებუა სამართალდმაცველებმა დაკითხვაზე ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.
“საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარე სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოების პროცესში, ბადრი ესებუას მშობლებისა და მისი ძმის ბიძინა ესებუას სახლის ჩხრეკა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის მშობლები შეუძოდ გახდნენ და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა. ექიმებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში შინაგან საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირი ბადრი ესებუაა. მანამდე კი საპოლიციო ძალები ესებუების ოჯახში მივიდნენ, სადაც ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს 14 საათსა და 24 წუთზე აიყვანა. 8 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლების ნაწილი ნახევარი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა და ოთხ მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკიდან ჩხოროწყუს მიმართულებით გაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მძევლები კირცხის ტყესთან დატოვა, თვითონ კი მიიმალა და მას ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები