პოლიციამ ზუგდიდში ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, ასევე გახსნილია ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტიც

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო საათების განმავლობაში ქობულეთსა და ზუგდიდში 22-23 ოქტომბერს  მომხდარი ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტები გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძარცვის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული პირი ქობულეთში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს “დაირექტ დებიტ ჯორჯიას” ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები