მძევალი ლაშა შენგელია: მადლობა შსს-ს, განსაკუთრებით – ავთო გალდავას, მისი წყალობით, ყველა მძევალი ცოცხალია

​ერთ-ერთი მძევალი იმ ოთხიდან, რომელიც თავდამსხმელმა ზუგდიდში, “საქართველოს ბანკიდან” მუქარით კირცხის ტყემდე წაიყვანა ლაშა შენგელია შს სამინისტროს წარმომადგენლებს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის მადლობას უხდის. მან  “ტვპირველის” ეთერში თავმდამსხმელთან ურთიერთობის ბოლო მომენტებიც გაიხსენა.

“ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვუხდი შს სამინისტროს, განსაკუთრებით – ავთო გალდავას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა, რომ დღეს ჩვენ ყველა მძევალი ცოცხალი ვართ.
რაც შეეხება ჩემს ბოლო წუთებს, რომელიც თავმდამსხმელთან გავატარე, ვერც გეტყვით, რა ადგილი იყო იმდენად ბნელოდა, სად უნდა გაქცეულიყო შემდეგ ის, ვერც მაგას ვერ გეტყვით. თვითონ გვითხრა სად უნდა წავსულიყავით, ხელყუმბარა ეჭირა ხელში და როცა მივედით დანიშნულების ადგილას, მოაბრუნა მანქანა და გვითხრა, რომ მობრუნება ან უკან მოხედვა არ გაგვებედა.

​მან გვკითხა, თუ ვინ გავყვებოდით მას მძევლად და ჩვენ დავასახელეთ ჩვენი თავი.
​ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო, ხელმოსაკიდი არაფერი დაგვიჭერია. მეგრულად საუბრობდა. სიგარეტის მოწევის უფლებას გვაძლევდა, თვითონ არ მოუწევია, კვალს ვერ დავტოვებო. ბანკიდან გამოსვლის დროსაც წყალი დაასხა იმ ოთახში, სადაც ვიყავით. გზაში ტელეფონები დაგვატოვებინა”, – განაცხადა ლაშა შენგელიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. იმავე დღეს, დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები