ჯანმო ბაქოსა და ერევანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს – “საბრძოლო მოქმედებები ვირუსის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს”
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვან მედიცინის მუშაკები, რომ მათ კოვიდ19-თან გამკლავება შეძლონ.
ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს დირექტორის, ხანს კლიუგეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“საბრძოლო მოქმედებები ხელს უწყობს კოვიდ19-ის სწრაფ გავრცელებას. ძალადობა, რომელიც გრძელდება, ასევე, ადამიანების გადაადგილება ჯანდაცვის სფეროში ვითარებას გაართულებს. კონფლიქტი ჯანდაცვის სისტემის დარღვევას იწვევს, კიდევ უფრო ამძიმებს მას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია პანდემიის გამო. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ევროპის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მზარდია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია დაჟინებით მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან სამოქალაქო მოსახლეობა და სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების შესაბამისად უვლიან დაჭრილებსა და ავადმყოფებს.
“კოვიდ19-თან მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამედიცინო მუშაკები ძალადობისგან იყვნენ დაცული, რომ მათ შეეძლოთ პანდემიაზე რეაგირება”, – თქვა კლიუგემ.