კობა კობალაძე: პოლიციამ მოახერხა ისიც, რომ ზუგდიდის ყველაზე ხალხმრავალ ადგილს გაარიდა შეიარაღებული მძარცველი

გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე სამეგრელოში განხორციელებულ სპეცოპერაციას, რომელსაც შს მინისტრი ხელმძღვანლობდა, პოზიტიურად აფასებს.

როგორც მან ” კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, გუშინ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ქვეყანას კაცთმოყვარე ხელისუფლება ჰყავს.

“ზუგდიდის სპეცოპერაციამ დაამტკიცა, რომ საქართველოს კაცთმოყვარე ხელისუფლება ჰყავს. ის უფრთხილდება არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, არამედ – დამნაშავის სიცოცხლესაც. ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ დანაშაული ჩაიდინა, არ შეიძლება, სიცოცხლის უფლება წაერთვას. მძარცველმა მძევლად აიყვანა 43 ადამიანი, სამხარეო პოლიციამ მოახერხა მათი მშვიდობიანად გათავისუფლება, ხოლო მძევლებს ჩაენაცვლა სამხარეო პოლიციის უფროსი. პოლიციამ მოახერხა ისიც, რომ ზუგდიდის ყველაზე ხალხმრავალ ადგილს გაარიდა შეიარაღებული მძარცველი და ის შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა, თორემ ერთი კარგი სნაიპერის მიერ პროფესიული გასროლა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა. შესაძლოა, ბევრს ჩვენს ქვეყანაში ეს ამბავი გახარებოდა კიდეც, რადგან, სამწუხაროდ, საზოგადოება მოწყურებულია პურსა და სანახობას და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, აქცენტი მხოლოდ სანახაობაზე კეთდება. პოლიციამ შეაფასა ყველა რისკფაქტორი და საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მივიდა. ჯერ არაფერი დამთავრებულა, გამოძიება გრძელდება, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, რადგან შესაძლოა, გუშინ ჩანთაში ჩადებული ნახევარი მილიონი დოლარი ხვალ უბრალო მაკულატურაც კი აღმოჩნდეს, ვნახოთ”, – განუცხადა “კვირას” კობა კობალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები