ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია და მის ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში
„უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლა „ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია, რათა მათ კიდევ ერთხელ ნახონ რადიკალური ჯგუფების განწყობები, დამოკიდებულებები, წინასაარჩევნო პროცესს როგორ მართავენ, როგორ ემუქრებიან მედიას, როგორ აწყობენ პროვოკაციებს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ,,ქართული ოცნების” ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს, რათა კიდევ უფრო მეტად გაშუქდეს და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ იმის შესახებ, თუ როგორ კამპანიას აწარმოებენ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველა ზომას იღებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით წარმოდგენილმა დამკვირვებლებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში შეძლონ საარჩვენო პროცესის მონიტორინგი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა შეძლონ, უშუალოდ მონიტორინგი გაუწიონ საარჩევნო პროცესს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე, არჩევნების დღეს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის – როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ პერიოდში არჩევნები მხოლოდ საქართველოში არ ტარდება, არჩევნები ბევრ სხვა ქვეყანაშიცაა დაგეგმილი და, შესაბამისად, თავად ორგანიზაციების გადასაწყვეტია – სად როგორი წარმომადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ შესაბამისი ჯგუფები წარმოდგენილნი და ფაქტია, რომ საქართველოში გარკვეული ჯგუფები არჩევნების მონიტორინგისათვის უკვე ჩამოვიდნენ.