“ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობის უფლება.
“პირველ ყოვლისა, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც შეიმუშავა ეფექტიანი წესები იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცედურები ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.
საარჩევნო უბნები აღიჭურვება და პროცედურები წარიმართება იმგვარად, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცე ჩვენი მოქალაქეებისთვის.
გარდა ამისა, ყველა ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობით უფლება. ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ როგორც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, ისე – საკარანტინე სივრცეებში და სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფი კოვიდ-ინფიცირებულები.
შესაბამისად, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა.
მოხარულნი ვართ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის – ოდირ-ის შუალედური ანგარიში დადებითად აფასებს საარჩევნო გარემოს.
ცალკეული დაფიქსირებული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს მთლიანობაში თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს. რაც მთავარია, პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ინციდენტსა და სხვა სამართალდარღვევაზე, რომელმაც საარჩევნო გარემოს პრობლემა შეიძლება, შეუქმნას. სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირების ხარჯზე გახდა და მომავალშიც უნდა გახდეს შესაძლებელი ინციდენტების მაქსიმალური პრევენცია.
ყველა გაუყალბებელი სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება,, დამაჯერებლად იგებს საპარლამენტო არჩევნებს, რაც გახდება მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.