საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის პირველადი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევროკომისიამ ქართულ მხარეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2021-2027) პირველადი პროექტი წარუდგინა.
როგორც ,,კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ქართული მხარიდან ხელმძღვანლობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთოს განყოფილების მოქმედი დირექტორი, ლუკ დევინი. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების შესაბამისი მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანლები, ხოლო ევროკავშირის მხრიდან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკომისიის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის თანამშრომლები.
შეხვედრის ფარგლებში, ევროკომისიამ გააკეთა ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგის მთავარი მიმართულებებისა და პრიორიტეტების პრეზენტაცია, რომლებიც მომავალში საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად ამბიციურ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ ინტეგრაციას ითვალისწინებს მიზნად.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ახალი დღის წესრიგის შეთანხმებისათვის აუცილებელ საკონსულტაციო პროცედურებსა და მოლაპარაკებების განრიგზე.