სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: „მთავარის” ეთერში მორიგი სიცრუე გავრცელდა, თითქოს 67-ე საოლქო კომისიაში „ოცნების” მხარდამჭერ ოჯახებში სხვა რაიონებიდან ამომრჩევლების მასობრივი ჩაწერა ხდება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია ,,მთავარის” მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, 16 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში მორიგი სიცრუე გავრცელდა – პარტია „ევროპული საქართველოს” წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა, რომ ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში „ოცნების” მხარდამჭერ ოჯახებში სხვა რაიონებიდან ამომრჩევლების მასობრივი ჩაწერა ხდება, რაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებს არჩევნებში მეორედ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. ასევე, ზუგდიდის მკვიდრი თენგიზ შეროზია სიუჟეტში ამბობს, რომ მის საკუთრებაში, სადაც 2002 წლიდან ცხოვრობს, უცხო პირები არიან რეგისტრირებული.
“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მონაცემთა ბაზის თანახმად, თენგიზ შეროზიას საკუთრებაში რეგისტრირებული არიან მხოლოდ ოჯახის წევრები – მეუღლე და სამი შვილი. შესაბამისად, ტელევიზიის ეთერში გასული განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციას.
სიცრუეა სიუჟეტში გასული კიდევ ერთი ფაქტი – თითქოს მხოლოდ ზუგდიდში, არჩევნების გაყალბების მიზნით, სხვა რაიონებიდან 27 000 ადამიანია რეგისტრირებული. სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ 2020 წელს ზუგდიდში დარეგისტრირდა სულ 182 სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც მანამდე სხვა რეგიონში ან ქალაქში იყვნენ რეგისტრირებულნი, და არა 27.000, როგორც ამას სიუჟეტის ავტორი და მისი რესპონდენტი აღნიშნავენ.
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 15 ოქტომბერს ცესკოსათვის გადაცემული მონაცემები ერთ მთავარ პრინციპზეა აგებული – ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა. სწორედ ამ მიზნით, 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს, რაც გულისხმობს, რომ თითოეული ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, შეიცავს, მათ შორის, ბიომეტრიულ ფოტოს, რაც ადამიანის იდენტიფიკაციის დამატებით მყარ გარანტიას იძლევა.
ასევე ცნობილია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროში კომპლექსური ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით. მათ შორის, სააგენტომ ამავე წლიდან დაიწყო პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა”.
მას შემდეგ საარჩევნო სიების სრულყოფისთვის სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. მაგალითად:
2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 10 500-ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული;
2014-2016 წლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად, იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;
2015–2020 წლებში, მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღდგენის მიმართულებით განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე მოხდა. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში 2 861 179 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 742 304 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
დღეისათვის, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 200 063 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი დაზუსტებულია. 2012 წელს კი ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778 207 იყო.
სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ დღეისათვის ამომრჩეველთა სია არის ბიომეტრიული და მაქსიმალურად დახვეწილი, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს პრინციპს – „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა”.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა,”- ნათქვამია განცხადებაში.