დევნილთა სამინისტროდან ბინების მიღების სანაცვლოდ მოტყუებით მოპოვებული თანხა – 2 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის 8 ეპიზოდის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს – მ.კ-სა და ი.ზ-ს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ.კ. და ი.ზ. 2016-2018 წლებში თბილისში, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თითქოსდა დევნილთა სამინისტროდან ბინების მიღების სანაცვლოდ, მოტყუებით დაეუფლნენ 8 დაზარალებულის, ჯამურად, 85 213 ლარს.
“მ.კ.-ს და ი.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვა მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ზიანი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.