ნიკოლოზ სამხარაძე: დავით გარეჯის საქმე საქართველოს შიდა საკითხია, ქართულ-აზერბაიჯანულ მეზობლობას ჩრდილი არ მიადგება

“დავით გარეჯის საქმე საქართველოს შიდა საკითხია და ამით არანაირი ჩრდილი არ მიადგება ქართულ-აზერბაიჯანულ არც მეზობლობას და არც – მეგობრობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„2014 წელს ამ რუკის არსებობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ გვქონდა. ბატონ ღარიბაშვილს რაც მიუტანეს, როდესაც ის იყო პრემიერმინისტრი, არ იყო ავთენტური რუკა. ეს იყო რაღაც შეკოწიწებული რუკა. სწორედ ესაა მთავარი შეკითხვა – თუ ასეთი რუკა არსებობდა საქართველოში, რატომ არ ხდებოდა მაშინ ამის გამოჩენა.
ამას თავისი პროცესი და პროცედურები აქვს. თქვენ რომ ინტერნეტიდან რუკას ამობეჭდავთ, იმას საექსპერტო კომისიაზე ვერ წარადგენთ ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დადგენაზე. მგონი, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ამაზე საუბარი არ უნდა გვჭირდებოდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ 2 პირი დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები