„სააკაშვილი დესტრუქციული ძალაა, დამაზიანებელია. სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანს და გამოასალმა სიცოცხლეს, ან ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას”, -ამის შესახებ ვიც-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამ შედეგების უგულვებელყოფა ან თქმა იმისა, რომ ეს არ ხდებოდა, შეუძლებელია.
“ესენი არიან ადამიანები, ახალგაზრდები, რომელთა ცხედრებიც ბრძოლის ველზე, მზის ქვეშ დატოვებული,- ამ ვითარებასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი, უამრავი მშვიდობიანი მოსახლე, რომელიც არ გამოიყვანეს თავის დროზე ამ საბრძოლო მოქმედებებიდან და გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობს, ამასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი,- დანარჩენი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში.
„მან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას. რასაკვირველია, რაღაც პროგრესული ნაბიჯებიც იყო თავიდან, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უამრავ ადამიანზე, რომელიც ეწამა, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა, საცხოვრისი, ჯანმრთელობა, ქონება, და ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომელმაც დაკარგა ტერიტორიების მნიშნელოვანი ნაწილი, რასაკვირველია, არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, არის თუ არა სააკაშვილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში. ეს შედეგები თვალნათელია და ამ შედეგების უგულვებელყოფა ან თქმა იმისა, რომ ეს არ ხდებოდა, შეუძლებელია”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.