გიორგი კაკაურიძე: ტურიზმი საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს, დაახლოებით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება

“ტურიზმი საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს, დაახლოებით, 5%-იანი ზრდა გვექნება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო”, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის” და „ევროპული საქართველო – რეგიონების” სხდომაზე სერგი კაპანაძის საპასუხოდ, რომელმაც არარეალისტურად მიიჩნია 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-ით ზრდა.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორიდან დანაკლისი მთლიანად აისახება 2020 წელზე. შესაბამისად, ბაზის ეფექტიდან გამომდინარე, ვინაიდან წელს ტურიზმის დანაკლისი უკვე არის ქვეყანაში, ტურიზმის თუნდაც მცირე აღდგენა დამატებით პლუსებს იძლევა ეკონომიკურ ზრდაში.

„თუმცა, არსებობს რისკები, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ეკონომიკური ფორუმი და ვნახოთ  რა პროგნოზი გამოქვეყნდება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წლიდან ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენის შემდეგ შესაძლებელია, ქვეყანამ მიაღწიოს 7%-იან ეკონომიკურ ზრდას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები