“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტიქტები გააღვივა.
უგულავას თქმითვე, მერაბიშვილმა ენმ-ის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო.
„შარშან ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ. უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, მაგრამ ერთობის მუხტი იმდენად ძლიერი იყო, ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. მიშა ბორგავდა და არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, თორემ ენმ ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ასე ამოიღო მიზანში ეს ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც. ის, რაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა. ის, რომ 120-30-ზე მიღების მერე, საერთო ოპოზიციური სია არარეალური და არაფრის მომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით. სამაგიეროდ, ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობისა და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო ასევე „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერშიპიც.
ამასობაში, გამოჩნდა მერაბიშვილიც, რომელმაც ენმ-ის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და სწორედ ის, მერაბიშვილი ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. ასეც მოხდა. ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან”, – განაცხადა უგულავამ.