“რეგიონული და რეალურად გლობალური რეცესია გავლენას მოახდენს საქართველოს მსგავს ღია, მცირე და ლიბერალური ბაზრის მქონე ქვეყანაზეც. 2020 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ვარდნა, დაახლოებით, 6 პროცენტით”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით დგას COVID-19 -ის პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან.
“მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური გამოცემის ძირითადი გზავნილია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი 2007 და 2008 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე რეცესიის წინაშე აღმოჩნდა. რეალურად, ჩვენი პროგნოზით, რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნა 4.4 პროცენტი იქნება.
კარგი ამბავია ის, რომ ველოდებით ეკონომიკის აღდგენას მომდევნო წელს, სავარაუდოდ, 1.1-დან 3.3 პროცენტამდე დიაპაზონში, თუმცა, პერსპექტივა ძალზე გაურკვეველია და, გულახდილად რომ გითხრათ, ნეგატიურისკენ იხრება.
რეგიონული და რეალურად გლობალური რეცესია გავლენას მოახდენს საქართველოს მსგავს ღია, მცირე და ლიბერალური ბაზრის მქონე ქვეყანაზეც. 2020 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ვარდნა დაახლოებით 6 პროცენტით. ეს ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა. ამდენად, ზემოქმედება მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ჯანსაღი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რითაც შესაძლებელი გახდა ოჯახებისა და ფირმების მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება ჯანდაცვის სექტორში და სოციალურ პროგრამებში. ამან გარკვეული ბუფერი შექმნა შოკის ნაწილობრივ შესამსუბუქებლად. ასე რომ, თუ კრიზისი არ გახანგრძლივდა, თუ შეიქმნა ვაქცინა, საქართველოშიც დაიწყება აღდგენის პერიოდი. ველოდებით, რომ აღნიშნულს ადგილი 2021 წელს ექნება და სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდა 4 პროცენტს მიაღწევს. მაგრამ ისევ და ისევ უნდა აღინიშნოს ბევრი გაურკვევლობა ამ თვალსაზრისით, რაც ყურადღებით დაკვირვებას მოითხოვს.
და ბოლოს, მსურს, გავიმეორო, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით დგას COVID-19 -ის პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან და კვლავაც გავაგრძელებთ ქვეყნის საკონსულტაციო, ფინანსურ და საორგანიზაციო მხარდაჭერას.დიდი მადლობა”, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის უახლესი გამოცემის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4 პროცენტით შემცირდება, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას წარმოადგენს.