ქუთაისში 29 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. ჯამურად, ქუთაისში 29 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღსანიშნავია, რომ სრული რეაბილიტაცია ქუთაისის 2 ცენტრალურ ქუჩას, კერძოდ, აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩებს უტარდება.
ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
29 ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 10 კმ-ზე მეტია.
პროექტის დასრულების შემდეგ, უსაფრთხო და კომფორტული გახდება ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება.