ბაშარ ასადი: მთიანი ყარაბაღის პრობლემა თურქეთმა გამოიწვია, ანკარამ წამოიწყო კონფლიქტები იმიტომ, რომ აწყობს

“თურქეთი მთიან ყარაბაღში სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან ტერორისტებს იყენებს”, – განაცხადა სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, თურქეთი მთიან ყარაბაღში იმავე მეთოდებს იყენებს, რასაც – ლიბიაში, სადაც სირიელ და შესაძლოა, სხვა ქვეყნების ტერორისტებს იყენებდა.

“ამას მტკიცებულება არ სჭირდება, ეს ცხადია იმიტომ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთმა გამოიწვია ეს პრობლემა, კონფლიქტი წამოიწყო: ის ამას ახალისებდა. თურქეთს რაღაცის მიღწევა უნდა და იმავე მეთოდების გამოყენებას ცდილობს. ამიტომ, დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ანკარა იყენებს სირიისა და სხვა ქვეყნების ტერორისტებს მთიან ყარაბაღში”, – თქვა ასადმა.

მისივე თქმით, ტერორიზმის მხარდაჭერის ნაწილში, ერდოღანის თანამზრახველები “მდიდარი ქვეყნებია”, თურქეთი მათი პოლიტიკის ინსტრუმენტია.

“ტერმინი “საერთაშორისო თანამეგობრობა”, სინამდვილეში, რამდენიმე ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფს წარმოადგენს – რომელშიც დიდი სახელმწიფოები და მდიდარი ქვეყნები შედის. დავარქვათ მათ – ,,პოლიტიკურ არენაზე გავლენიანი ქვეყნები”. ამ საერთაშორისო თანამეგობრობის უმრავლესობა ტერორიზმის მხარდაჭერაში თურქეთის თანამზრახველია. მათ იციან, რასაც აკეთებს თურქეთი, მათ მოსწონთ, რასაც ის აკეთებს, თურქეთი – ამ ქვეყნების ინსტრუმენტია რეგიონში მათი პოლიტიკის გატარებისა და მათი იდეების განხორციელების ჭრილში”, – თქვა ასადმა.

მისივე შეფასებით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ომებს ქვეყნის შიდა პრობლემებისგან ხალხის ყურადღების გადატანის მიზნით იწყებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა “ისლამურ სახელმწიფოსთან” მისი კავშირების შესახებ.

“ის ომებს სხვადასხვა რეგიონში საზოგადოებრივი ყურადღების გადატანის მიზნით იწყებს, განსაკუთრებით – სირიაში “ისლამურ სახელმწიფოსთან” მისი სკანდალური კავშირების შემდეგ. ყველამ იცის, რომ “დაეში” სირიულ ნავთობს თურქეთის მეშვეობით ყიდდა, ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ქოლგის ქვეშ, ასევე ის, რომ ამ ნავთობის გაყიდვაში თურქები მონაწილეობდნენ. ასეთია მისი მიზნები, და ეს სახიფათოა”, – თქვა ასადმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები