სალომე ზურაბიშვილი – ილია მეორეს: მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უდიდესი პიროვნება ბრძანდებით და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მმართველობის ხანაში მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრეზიდენტი

,,თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს, დღეს – როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი, თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს, აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს მშვიდობას“, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესისათვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიაზე.

პრეზიდენტმა პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ხელში ხელახლა დაიბადა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, როცა ის მსოფლიო ეკლესიების ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღდგა.

,,მიხარია, რომ ვიმყოფები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II-სათვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიალზე და, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, საშუალება მეძლევა მოკლედ ვისაუბრო ქართული საზოგადოების სახელით მისი უწმინდესობის ღვაწლზე ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. ისიც უნდა დავამატო, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რომ ჯერ არ ჰქონდა უწმინდესს მიღებული საპატიო ხარისხი ჩვენი სემინარიის და აკადემიისა. თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ხელში ხელახლა დაიბადა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, როცა ის მსოფლიო ეკლესიების ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღდგა. თქვენ შეძელით თქვენი დაუღალავი შრომით საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტრების აშენება-აღორძინება და, პირველ ყოვლისა, ყველგან ჩვენს საზღვრებზე, რაც არის უდიდესი საქმე ჩვენი სახელმწიფოსთვის. რელიგიური განათლება ხელმისაწვდომი გახადეთ საქართველოს თითქმის იმ დროს აბსოლუტურ ათეისტურ საზოგადოებაში. რაც გამოიხატა, პირველ ყივლისა, სასულიერო სემინარიის დაარსებით, რასაც მოჰყვა სხვადასხვა პროფილის საგანმანათლებლო დაწესებულებები და უნივერსიტეტი. თქვენ შეძელით საქართველოს ეკლესიის წიაღში ქართული კულტურის შენარჩუნება და აღორძინება, იქნება ეს არქიტექტურა, მეღვინეობა, სოფლის მეურნეობის დარგები, ხელსაქმე, მონუმენტური მხატვრობა, გალობა, ხატწერა, მინანქრის ხელოვნება, ოქრომჭედლობა, ნაქარგობა და სხვა მრავალი. დაუვიწყარია თქვენი გმირობა 2008 წლის ომის დროს, როცა თქვენი მისიის წინააღმდეგ მტერიც კი უძლური აღმოჩნდა და როგორც ჭეშმარიტმა მშობელმა და ჭირისუფალმა ოკუპირებული ზონიდან ჩამოასვენეთ და გააპატიოსნეთ ჩვენი დაღუპული გმირები. დიდია თქვენი ღვაწლი ამ ბობოქარ წლებში შვილმკვდარი მშობლების ნუგეშისა და მათი ცხოვრებისთვის ახალი საზრისის მინიჭებაში. თქვენ მფარველობთ ობოლ და უდედმამო ბავშვებს, ზრუნავთ მათ აღზრდასა და განათლებაზე, ზრუნავთ საქართველოს დემოგრაფიაზე. თქვენს დამსახურებების ჩამონათვალს არა აქვს სასრული და ეს არის ნიმუში ნამდვილი მოღვაწეობის!

ქართული საზოგადოება აფასებს თქვენს უდიდეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც უპირველესად გამოიხატება სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთგულებასა და ზრუნვაში, ამ უმძიმეს წლებში. თქვენ დღემდე საკვირველი დათმენით ეგებებით საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ურთულეს ხვედრს. ჭეშმარიტად მძიმეა გარდამავალ ეპოქაში საზოგადოების სულიერი წინამძღოლობა.ზრუნვა მისი სულიერი გადარჩენისთვის, არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტური იდეების ერთგულებით. თქვენ განსაცდელის ჟამს მოგიწიათ საქართველოს სულიერი მწყემსობა. განსაცდელი არ ილევა, მსოფლიო ახალ ტურბულენტურ ეპოქაში შედის. თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს. დღეს, როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს ხელახლა მშვიდობას. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უდიდესი პიროვნება ბრძანდებით და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მმართველობის ხანაში მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრეზიდენტი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და თქვენს დღეგრძელობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე – მეუფე შიო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები